კაცმა რომ მიგიშვათ, სახელმწიფოს გააუქმებთ?
ჩვენ გვგონია, რომ მომავალი საზღვრებისა და მთავრობების გარეშე თანაცხოვრებაშია. თუმცა თავისუფალი ხალხის პარტია პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვის არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. ხელისუფლებაში მოსვლა კი გვინდა იმისთვის, რომ რაც ჩვენ სწორი გვგონია, ის რეფორმები გავატაროთ. დღეს რა წესრიგიცაა სამყაროში, იმ წესრიგში შეუძლებლად მიგვაჩნია სახელმწიფოების გაუქმება. ასეთი გაუქმება შეიძლება მომავალში რამემ მოიტანოს, იქნება ეს ტექოლოგიური რევოლუცია, კაცობრიობის შეხედულებების ცვლილება თუ ა. შ. მაგრამ დღეს და აქ “სახელმწიფოს გაუქმება”, მით უმეტეს მხოლოდ საქართველოში, წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ამის სანაცვლოდ, ჩვენ გვჯერა ე. წ. მინიმალური სახელმწიფოსი, სადაც მთავრობა ინდივიდის ცხოვრებაში თითქმის არ ერევა და მხოლოდ კონკრეტული, ერთეული ფუნქციები გააჩნია. ეს ფუნქციები შეიძლება იყოს საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა და მართლმსაჯულება/შიდა წესრიგის დაცვა. ამის იქით, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს თუ მთავრობას არაფერი ესაქმება ჩვენს ცხოვრებასთან. სანამ ერთმანეთზე არ ვძალადობთ და ვახერხებთ სიტყვით მოვაგვაროთ ერთმანეთთან კონფლიქტები, ჩვენს საქმეებში მთავრობის ჩარევის არანაირი საჭიროება და არც მორალური საფუძველი არ არსებობს.