ჯარის გაუქმება მართლა გინდათ?
ის ფაქტი, რომ ჩვენ სავალდებულო ჯარს ვეწინააღმდეგებით, არ ნიშნავს, რომ პაციფისტები ვართ და გვგონია, ნორმალური ჯარი და თავდაცვა არ გვჭირდება. პირიქით - ვფიქრობთ, რომ თავდაცვას ბევრად მეტ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ და ათასგვარ სისულელეში ფულის ხარჯვის ნაცვლად, გვინდა მეტი ფული მივმართოთ ამ სფეროსკენ. უსაფრთხოება, მშვიდობა და დაცულობის განცდა ადამიანების ბედნიერად ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა.
ჩვენ უბრალოდ ვგმობთ ადამიანის თავისუფალი ნების საწინააღმდეგო ქმედებებს ანუ სავალდებულოობას. მიგვაჩნია, რომ ჯარი უნდა იყოს სრულად საკონტრაქტო, ხოლო მეომარი უნდა ერქვას იმას, ვინც მზადაა საკუთარი ნებით აიღოს იარაღი და ამ დასაფასებელ, მნიშვნელოვან პროფესიას დაუთმოს ცხოვრება. “ძალით ჯარისკაცი” როგორც თავდაცვის ბიუჯეტის, ასევე ადამიანთა დროის ფუჭად გაფლანგვაა.
ხოლო თუ გგონიათ, რომ “ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ისეთი მეზობლებით, სადაც ყველამ უნდა იცოდეს იარაღის გამოყენება”, ჩვენი აზრით, მაგ მიზნის მიღწევა სხვა გზითაც შესაძლებელია - მიეცეს ადამიანებს იარაღის თავისუფლად ფლობის საშუალება და გამარტივდეს სასროლეთების მოწყობა, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ისწავლოს იარაღის გამოყენება.